შტუტგარტის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი ბერნდ ცინი და მისი კოლეგები - კატარინა კუნცი, ტობიას ბარი და მირა ლეტცელი თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისთვის ვორქშოპებსა და შეხვედრებს ატარებენ. ღონისძიება ერაზმუს + ინსტიტუციათა შორის შეთანხმების გრანტის ფარგლებში იმართება.
ვიზიტის მიზანია განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და განათლების მეცნიერებების მიმართულებების პროფესორებისა და სპეციალისტებისთვის სწავლების ციფრული მეთოდების გაცნობა, სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში კონკრეტული მეთოდების დემონსტრირება და სწავლება. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპები თემაზე „დიჯიტალიზაცია და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლასა და სწავლებაში“, „360°-იანი პროფესიული ხედვა და ვიდეოები ვირტუალურ რეალობაში“. მათზე, როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სიახლეები. ასევე გაიმართება ვორკშოპები: 3 მაისი 10:00 -13.45 – „ციფრული თამაშები განათლებაში InCoLearn გამოყენებით“; 4 მაისი, 15:00 -18:00 – „AI-ინსტრუმენტები განათლებაში: უპირატესობები და ნაკლოვანებები“. ვორქშოპების პარალელურად, თსუ-ს და შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორებს შორის გაიმართება შეხვედრები, სადაც დაიგეგმება სამომავლო ერთობლივი კვლევები და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები.